შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი, ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლები მშენებარე სტადიონის მიმდებარედ, მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედელი მოეწყო, რომელიც უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხეს მნიშვნელოვნად აარიდებს.
რწმუნებული ბორჯომის ქუჩაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარე ღობეების სამშენებლო პროცესსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2499 გრძ/მ გზაზე არსებული ღობეების განახლება. სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტში და კერძოდ ხაშურში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლის გარკვეული ნაწილიც წლის ბოლომდე დასრულდება. სურამულაზე ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობის გარდა, იგეგმება დაბა სურამში, მდინარე სურამულას ერთ-ერთ სტრატეგიულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სტიქიით გამოწვეულ რისკებს. მნიშვნელოვანია ახალი სტადიონის მშენებლობა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც რა თქმა უნდა, როგორც მოსახლეობის, ისე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზეა მორგებული." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.