საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 500 ბავშვს ერისთავის თეატრში საშობაო სპექტაკლზე უმასპინძლა.
ერისთავის დასმა ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა “საშობაო სიმღერა” უჩვენა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილიც დაესწრო და პატარებს ახალი წელი მიულოცა.
,,ახალი წელი პატარებს გამორჩეულად უყვართ და ელოდებიან, ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვცდილობთ საახალწლო განწყობა შევუქმნათ მათ და ეს დღეები კიდევ უფრო მეტად გავუხალისოთ. ადგილობრივი ხელისუფლება და ერისთავის თეატრის ხელმძღვანელობა აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა ერთობლივად დავგეგმოთ ღონისძიებები." -
აღნიშნა ამირან ქრისტესიაშვილმა.
წარმოდგენის შემდეგ პატარებმა თოვლის ბაბუისგან საჩუქრები მიიღეს და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან ფოტოსესიაც გამართეს.