გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ერთობლივ სემინარს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მარეკ შიგელმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელმა მიჰაელა გერასიმიმ, განათლების სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიება სახელწოდებით „მრგვალი მაგიდა - ძლიერი ქალი უკეთესი მომავლისთვის“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე ქალის როლზე, ქალთა განვითარებასა და მათი დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ,,მე როგორც სახელმწიფო რწმუნებული, ისე რიგითი მოქალაქე, მხარს ვუჭერ ქალთა გაძლიერებას, თანამონაწილეობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართვას. ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მივიღოთ მონაწილეობა კამპანიებში, ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და მხარი დავუჭიროთ უკეთეს მომავალს.“ - აღნიშნა რწმუნებულმა. მამუკა საღარეიშვილმა წარსულ გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლი განუზომლად დიდი იყო როგორც ისტორიულად, ისე დღეს. ,, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები. მათ შორის იყო ანა სოლოღაშვილი მეჯვრისხევიდან, რომელმაც 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ეს ნამდვილად საამაყო ფაქტია.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.