შიდა ქართლის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. FAO-ს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ატენისა და ფლევის თემებში უკვე მესამე წელია ხორციელდება. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმ გეგმებზე, რომელიც შიდა ქართლში სამომავლოდ ერთობლივად უნდა განხორციელდეს და იმსჯელეს რეგიონში აგრარული მიმართულების განვითარების გაუმჯობესების გზებზე.
რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარება.
,,შიდა ქართლს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დიდი პრესპექტივები აქვს, შესაბამისად თითოეული პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს და ფერმერობით დაინტერესებულ პირებს ხელს შეუწყობს განვითარებაში, საჭირო და მომგებიანია.“- აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.
საქართველო გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წევრი 1995 წელს გახდა. ორგანიზაციის მანდატი საქართველოში ითვალისწინებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის სექტორების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით.