შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის 11 წლიანი ციკლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ასევე, ღონისძიებას USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და პატრნიორი ორგანიზაიების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH INTERNATIONAL-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
,, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ასევე, მადლობას ვუხდი საზოგადოება ,,ბილიკს" მართლაც საჭირო პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვქვს, ახალგაზრდებს მივცეთ განათლება და შესაძლებლობები, რომელსაც სამომავლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
ღონისძიებზე რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს, რომელიც შემდეგ საკითხებს შეეხებოდა - არჩევნების მნიშვნელობა, საგზაო უსაფრთხოება, ახალგაზრდული ცენტრი სოფელში, დეზინფორმაცია და მედია წიგნიერება, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. პროგრამამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით 480 სკოლას გაუწია დახმარება. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია საზოგადოება „ბილიკია“, რომელიც რეგიონის 37 სკოლასთან თანამშრომლობს. პროგრამის მიზანს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება წარმოადგენდა.