შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვალერიან მჭედლიძემ იაპონიის ელჩს შიდა ქართლის რეგიონის სოფლის მეურნეობის, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. რწმუნებულის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონი მჭიდროდ თანამშრომლობს იაპონიის საელჩოსთან, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორიას საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა" ფარგლებში სამედიცინო ტექნიკა გადაეცა, რომელიც ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო რწმუნებულმა იაპონიის ელჩს ტურისტულ ლოკაციებსა და მუზეუმებში უმასპინძლა.