შიდა ქართლის რეგიონში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა შაყულაშვილი დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.
ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით მიხეილ შაყულაშვილი წარმოშობით კასპის მუნიციპალიტეტიდან არის, საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის წლების განმავლობაში მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა თანამდებობებზე.
,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა ქართლის რეგიონს ჰყავს ახალი სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი. ბატონი მიხეილი არის წარმატებული მენეჯერი, მას გააჩნია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ 6 წელიწადზე მეტი იმუშავა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მენჯერულ პოზიციაზე, ბატონი მიხეილი არის სამართლის დოქტორი, მოქმედი ასოცირებული პროფესორი, იგი სამართალმცოდნე გახლავთ, დღემდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში ერთ-ერთი წამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენგან და პრემიერ-მინისტრისგან მას გამოცხადებული აქვს ნდობა და დღეს მოხდა მისი წარდგენა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ შაყულაშვილი იქნება წარმატებული სახელმწიფო რწმუნებული, მის პრიორიტეტს წარმოადგენს და ეს არის დავალება საქართველოს მთავრობისგან და პრემიერ-მინისტრისგან, მოსახლეობასთან უფრო მეტი მჭიდრო კომუნიკაცია, ის პრობლემატიკა, რაც გააჩნია რეგიონს, მათი დაყენება თუ საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან და გადაწყვეტა უმოკლეს დროში“, - აღნიშნა ბარნაბიშვილმა.
როგორც შიდა ქართლის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, იგი რეგიონში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს და იცის აქ მცხოვრებთა საზრუნავი და საჭიროებები. მიხეილ შაყულაშვილმა ის პრიორიტეტებიც დაასახელა, რომლებზე პირველ ეტაპზე აქცენტს გააკეთებს, მათ შორის არის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები, ინფრასტრუქტურა და რეგიონის ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი.
,,ეს რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, ჯერ ერთი, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოშობით ამ რეგიონიდან გახლავართ, ასევე 6 წლის განმავლობაში, ამ რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ნამუშევარი ვარ და შესაბამისად, რეგიონის მცხოვრებლების გასაჭირი და საზრუნავი უკვე ვიცი და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გავაკეთებ ყველა იმ შესაძლებელს, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
ვგეგმავ, პირველ რიგში მივხედო რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ მიმართულებებს, ადამიანის უფლებებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც დაწყებულია და პარალელურ რეჟიმში, შევიმუშაოთ ახალი ინფრასტრუქტურული მიმართულებები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მინდა, მოვიზიდო რეგიონის ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი, რომლთან ერთადაც უფრო წარმატებით განვახორციელებთ სახელმწიფო ცენტრალური აპარატის მიერ დასახულ ამოცანებსა და მიზნებს და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ თითოეულ რიგით მოქალაქემდე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ყველა სიკეთე. ფაქტობრივად, მინდა, რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ რიგით ადამიანს, აქაურ თანამშრომლებსა და სახელმწიფოს ცენტრალურ აპარატს შორის ვიყო ერთგვარად ელჩივით და აქაური საზრუნავი მივიტანო ცენტრალურ აპარატამდე, ხოლო იქიდან ჩამოვიტანო უკვე გამზადებული ის მიმართულებები, რაზეც შეიძლება მუშაობა და თითოეული საქმის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.