ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება და აკადემიის 103 წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აკადემიის დასრულება ლეიტენანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს. იუნკრებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ, წარჩინებულები კი საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართულები ,,იუნკერთა ლიდერად ჩამოყალიბების პროგრამაში’’; სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო და რეგიონალურ გამოფენებში, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში. კურსდამთავრებულებს გავლილი აქვთ სამთო მომზადების საბაზისო კურსი, იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში; მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში, მათ შორის მივლინებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლიეტუვის, საფრანგეთის, თურქეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ლატვიის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში.