0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მთავრობის კანცელარიაში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მთავრობის კანცელარიაში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
04 ოქტომბერი 2022

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.
 
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარემ - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.
კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ქმედებათა კონკრეტული გეგმების განხილვა.
 
„როგორც მოგეხსენებათ ,პრემიერის გადაწყვეტილებით, სოფელ ზარდიაანთკარში იგეგმება 28 სახლის აღგენა, რის შემდეგადაც მოსახლეობა დაბრუნდება საკუთარ სახლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უკვე დაანგარიშებულია ხარჯთაღრიცხვა, უახლოეს მომავალში კომისიის გადაწყვეტილება გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს,დაფინანსების გამოყოფის შემდეგ კი დაიწყება სახლების აღდგენა. მე მინდა, კომისიის წევრებს გადავუხადო დიდი მადლობა ნაყოფიერი მუშაობისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მომავალშიც აქტიურად გააგრძელბს მუშაობას,“-განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
 
 
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სულ, დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.
 
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

Top