საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი დაესწრო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს. ,,2022 წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ნამდვილად განსაკუთრებულია – მიმდინარე წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აიმაღლა სტატუსი, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სადოქტორო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერთან ერთად, ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება უნივერსიტეტისთვის კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი იქნება მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების მიმართულებით. მსურს, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა განსაკუთრებით მივულოცო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს, აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს.“- აღნიშნა მინისტრმა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა. ,, შიდა ქართლი და კერძოდ გორი, ოდითგანვე იყო განათლების მნიშვნელოვანი კერა. გორში ჯერ კიდევ 1876 წელს გაიხსნა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია. დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, იზრდებოდა მისი არეალი და დღეს უკვე სამსაფეხურიანი სწავლების უნივერსიტეტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან ახალგაზრდებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურზე. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩამოყალიბების, სრულფასოვანი განათლების მიცემისა და მათი განვითარების საქმეში. მადლობას ვუხდი თითოეულ თანაშრომელს ყოველდღიური შრომისთვის, რაც თავის მხრივ უნივერსუტეტის წარმატებულ შედეგებზეც აისახება. სამხარეო ადმინისტრაცია მუდამ მზადაა ითნამშრომლოს უნივერსიტეტთან, ახალგაზრდების და ზოგადად, რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელოს არაერთი ერთობლივი პროექტი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
გარდა ამისა, განათლების მინისტრმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან ერთდ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობაზეც ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ნოემბერში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. შედეგად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მალე ექნება ბიბლიოთეკის სრულიად ახალი შენობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც, სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიების ჩატარებით, სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის.
ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიკოსის, გიორგი სოსიაშვილის წიგნის „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ფუნდამენტური ხასიათის გამოკვლევას წარმოადგენს და ისტორიული გეოგრაფიის, ლოკალური ისტორიისა და მხარეთმცოდნეობით სფეროს განეკუთვნება. მასში დაწვრილებითაა შესწავლილი პატარა ლიახვის ხეობის როგორც ოკუპირებული, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სამეურნეო-კულტურული განვითარების ისტორია, დემოგრაფიული მონაცემები, მოსახლეობის განსახლება თუ საქმიანობა, სამიმოსვლო გზები, მატერიალური კულტურის ძეგლები და მათზე შემორჩენილი წარწერები.
ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის, ეროვნული სტრატეგიისა და EOSC (European Open Science Cloud)-ის ეროვნული პლატფორმის განვითარების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო სივრცის ევროპული ღია მეცნიერების ერთიან კონტექსტში გააზრების წინაპირობას წარმოადგენს. „ღია მეცნიერების ფორუმი“ საქართველოში პირველად 2022 წლის 2 ნოემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლისა და ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები. აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს, სამმხრივი შეხვედრების ფორმატში ღია მეცნიერების ღრუბლის ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ეროვნულ დონეზე EOSC-ის ელჩების გადამზადებას.