გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ანგარიშის პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ხელშეწყობაზე, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ისტორიული ძეგლებისა და სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაციაზე და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე. ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში 60 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდა, მათ შორის 50 კილომეტრამდე სოფლებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 8 სკვერი და 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში დამონტაჟდა სასმელი წყლის ახალი სისტემა, რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი და 6 საჯარო სკოლა, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი ახლად აშენებულ სკოლაში განახლდა. მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, 9 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში 200 - მდე პროექტი განხორციელდა. პროგრამების მიზანს მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სფეროს განვითარება და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.