საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვივნენ, სადაც ყოველწლიური საშობაო ფესტივალის – „გენეთლიას“ გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის ორგანიზატორებს – გორისა და ატენის ეპარქიასა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას და კალიგრაფიის კონკურსს დაესწრნენ. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მოსწავლეები და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საშობაო ფესტივალს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესწრებოდნენ.
ყოველწლიური ფესტივალის „გენეთლიას“ მიზანია საკონფერენციო გამოსვლების, კონკურსების, სპორტული აქტივობებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენების ორგანიზებით მოზარდებში შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულმა სასწავლებლებმა და გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლებმა. კერძოდ – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ, თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურმა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლამ, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიამ, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონმა, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ, ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლამ, სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლამ, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღმა (გორისა და ატენის ეპარქია) და ფერიცვალების სამრევლოს საკვირაო სკოლამ (გორისა და ატენის ეპარქია).