გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ადგილობრივი ამბულატორიის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
პროექტის ფარგლებში განახლდა სანტექნიკა, ელექტრო და გათბობის სისტემები, მოწესრიგდა შიდა ინტერიერი, მოეწყო პანდუსი და ხელმისაწვდომი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ამბულატორია აღიჭურვა ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით. სამედიცინო დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას გაუწევს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 6000-ზე მეტ პაციენტს, მათ შორის, 1000-ზე მეტ ბავშვს.
გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
,, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის საცხოვრებლად ღირსეული პირობების შექმნა. ეს ეხება როგორც სამედიცინო, ისე საზოგადოებრივ და თუ საგანმანათლებლო ობიექტების კეთილმოწყობასა და გამართულად ფუნქციონირებას. აქვე აღვნიშნავ, რომ შენობა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირდა. პროექტი სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Dialogue პროექტის ფარგლებში განახლდა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი ადგილობრივი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ხორციელდება.