შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და მასპინძლობით, გორში გამართულ ღონისძიებას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.