ბუნებრივი აირი ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში შევიდა. ამ დროისთვის სოფელ სასირეთის სრული გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. "ენერგეტიკის სამინისტროს" მიერ "მსოფლიო ბანკისგან" მოპოვებული მხარდაჭერით სასირეთის დევნილთა დასახლებაში გაყვანილი გაზსადენი კომპაქტური დასახლების გარდა ბუნებრივი აირით მიმდებარე სოფლებსაც მოამარაგებს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სასირეთში მცხოვრებ ბეჟიტაშვილების ოჯახშიც იმყოფებოდა, რომელსაც უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი. გამგებელმა ოჯახის წევრებთან ერთად გაზქურაც აანთო.
თავის მხრივ ბეჟიტაშვილებმა მადლობა გადაუხადეს როგორც "ენერგეტიკის სამინისტროს", ასევე ხელისუფლებას და "შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას" გაზიფიცირების პროცესში გაწეული საქმიანობისა და ყურადღებისათვის. მათი თქმით ბუნებრივი აირის შემოსვლა მოსახლეობას ხელს შეუწყობს ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში და მათ მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. ლია ბეჟიტაშვილის თქმით ბუნებრივი აირი ოჯახებს განსაკუთრებით ზამთრის სიცივეების დროს გაუწევს დახმარებას.
უახლოეს ხანში კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში დაიწყება გაზიფიცირების პროცესი.