ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში სადაც სწავლის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის იდეას,რომელიც ასევე სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია–აღჭურვის სამუშაოებს ახორციელებს და სამიდან ორი სასწავლო პროგრამის დაფინანსებას გეგმავს, მხარდაჭერა კომპანია „აგარის შაქარმა“ და „გაეროს განვითარების ფონდმა“ აღმოუჩინა. სასწავლებლისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს.
„საქმე გვაქვს მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროექტთან, რომლის განხორციელება მოქალაქეებს ახალი პროფესიების დაუფლების საშუალებას მისცემს. კომპანია „აგარის შაქარი“ წარჩინებული კურსდამთავრებულების საკუთარ საწარმოში დაასაქმებას გეგმავს“ – აღნიშნა იოსებ ოქრიმელიძემ.
პროფესიული სასწავლებელი დაინტერესებულ მოქალაქეებს ხარატის, შემდუღებლისა და ელექტრიკოსის პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება. კურსის დასრულებისთანავე სასწავლებელი კურსდამთავრებულს სპეციალობის დამადასტურებელ სერთიფიკატს გადასცემს.