პრეზენტაცია გორში 1 ივლისს 16:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე დარბაზში გაიმართება.
პრეზენტაციაზე დასწრება და პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.
პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა. იგი საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას წარუდგინა.
„სტარტაპ საქართველო“ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, თუმცა, არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, ბიზნესის დაწყების შანსს აძლევს.
„პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.
ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.
უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას ტელეკომუნიკაციას და სხვა მიმართულებებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.
განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ. მსურველების უკეთ ინფორმირებისთვის ასევე ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი.
პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
,,სტარტაპ საქართველო" იწყება
28 ივნისი 2016