საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და `საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია „MEVENTUS”-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა. დეტალური პროექტი მომზადდა ბელგიური საკონსულტაციო კომპანია Tractebel Engineering S.A-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის GDF Suez Grroup-ის შვილობილ კომპანიას.
ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს. ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება, როგორიც არის ქარის და მზის ენერგია, კიდევ დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენს ენერგო სექტორს.