26 დეკემბერს სამხარეო საკონსულტაციო საბჭო გაიმართა რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის, ქარელის, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქ. გორის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის № 23 დადგენილების მე–4 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის №308 დადგენილების მე–5 მუხლის ,,პ“ პუნქტის შესაბამისად, მოხდა 2016 წლის რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან (რგპფ) დაფინანსებული პროექტების მდგომარეობის განხილვა. ამასთან ერთად, თვითმართველობის კოდექსის თანახმად, კენჭი ეყარა და მოწონებულ იქნა 2017 წელს რგპფ–ში წარსადგენ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს.
შიდა ქართლის რეგიონის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული მიმართულება რჩება. გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სპორტული ობიექტების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექნას, ტურისტული მიმართულების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას.