შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ცოცხნარას, ცხრამუხას, ტეზერსა და ქვიშხეთს სტუმრობდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რწმუნებული ადგილზე გაეცნო განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მოისმინა ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებები და აღნიშნა, რომ პრიროიტეტების გასაზღვრის მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რათა სწორად და სწრაფად მოხდეს მათი მოგვარება. უახლოეს მომავალში იგეგმება ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გაზიფიცირება. მიმდინარეობს პროექტირება და ქვიშხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. გუბერნატორმა და გამგებელმა სოფელ ქემფერთან იმ საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომელიც თოვლის დნობის გამო ადიდებულმა მდინარე ტილიანამ დააზიანა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა და დაუყოვნებლივ მოხდა საფეხმავლო ხიდის მოწყობა. ამჯერად კაპიტალური ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და სულ მალე საბოლოო სახეს მიიღებს. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ქვიშხეთში მდებარე დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმსაც ეწვივნენ. მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. სახლ-მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოწყობა ევროპული სტანდარტებით მოხდება. მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება როგორც ხაშურის, ისე შიდა ქართლის დანარჩენ მუნციცპალიტეტებში.
კახა სამხარაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
25 მარტი 2017