კასპში, ახალ სპორტულ კომპლექსში განთავსებული თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის დარბაზი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი დარბაზი აღიჭურა სტანდარტული, გადასაადგილებელი კალათბურთის ფარებითა და ელექტრო ტაბლოთი, რომლის ღირებულება 30 000 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სპორტული ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი არა მარტო კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს მოემსახურება, არამედ მაღალი დონის ტურნირების ჩატარების საშუალებასაც იძლევა. ახალ დარბაზში კასპისა და სოფელ ახალქალაქის კალათბურთის გუნდებს შორის პირველი შეხვედრაც გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის 31 იანვარს გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს - დარბაზს. აშენდა კალათბურთის, სრულიად ახალი დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. კასპის სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შესრულდა და 2 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.