ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ გორში სახალხო დღესასწაული, ოქონობა აღინიშნება. დილიდან ოქონის მშენებარე ტაძარში გორისა და ატენის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საზეიმო წირვა–ლოცვას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის შემდეგ გაიმართა მსვლელობა და ქალაქის დალოცვა. დღის ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ფოლკლორული საღამო.
ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
გორში ოქონობის სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
18 აპრილი 2017