შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რწმუნებულმა სოფლების – ეზატის, კავთისხევისა და კასპის № 4 და № 5 საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე მოინახულა თანამედროვე სტანდარტების მქონე ახლადაშენებული სკოლა სოფელ თვალადში, რომლის ფუნქციონირებაც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორმა გზების მოასფალტების სამუშაოებიც დაათვალიერა კოდისწყაროსა და ლამისყანაში, ასევე სამანქანე ხიდი კავთისხევში, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან ფინანსდება და მისმა ღირებულებამ 1 110 687 ლარი შეადგინა.
რწმუნებულმა კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
25 ივლისი 2017