შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პირველ ეტაპზე გუბერნატორმა ხაშურში, № 8 საბავშვო ბაღისა და ხაშურის სპორტის სასახლის მშენებლობის მიმდინარეობა მოინახულა. მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილზე მისი მოადგილე, სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი იმყოფებოდნენ. ხაშურის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა სურამში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ,,ბაიაანთხევის“ რეაბილიტაცია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სტიქიის სალიკვიდაციო“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მხარის რწმუნებული გაეცნო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ღვთაების მონასტრის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 600 მეტრიან აღმართზე იგეგმება ბეტონის გზის დაგება. პროექტის ფარგლებში თითქმის დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობა. ადგილობრივების თქმით, მათ ქუჩაზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების არასდროს ჩატარებულა. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნნენ. კახა სამხარაძის თქმით, პროექტები სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუბერნატორმა ხაზი გაუსვა ხაშურის სპორტის სასახლის პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გარდა შიდა საშეჯიბრო და სავარჯიშო სივრცეებისა, იგეგმება სპორტის სასახლის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია, სადაც განათება, სკამები, პარკინგი და დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გუბერნატორის თქმით, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მძლეოსნობის, ჭიდაობის, ჭადრაკის, კალათბურთის და სპორტის სხვა სახობების შესწავლისთვის დარბაზების მოწყობა. მიმდინარეობს საკონფერენციო და სასადილო სივრცეების კოსმეტიკური სამუშაოები. სპორტკომპლექსის პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს ნომრებსაც, რომელიც უცხოელი და ქართველი სპორტსმენებისთვის იქნება გათვლილი. სასახლის გარე პერიმეტრზე მოეწყობა ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონები.
გუბერნატორი ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
30 ოქტომბერი 2017