შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე რეგიონში მომუშავე ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და არაფორმალურ გარემოში წარიმართა.
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რაც, მათი მოსაზრებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველდღიური პირობების გასაუმჯობესებლად. მთავარი აქცენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე გააკეთეს. ასევე, საუბარი შეეხო შიდა ქართლში არსებულ სხვა საკითხებსაც, როგორიც არის სოციალური გარემო, ხელმისაწვდომი განათლება, სპორტის განვითარება და სხვა.
ჟურნალისტებმა რწმუნებულს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს. აკაკი მაჭუტაძემ განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.