შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გორში, ომში დაღუპული გმირების მემორიალები გვირგვინებით შეამკო. ასევე, შინდისში, შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან წელს ათი წელი გავიდა. იმავე წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს. აგვისტოს ომის შედეგებია: 412 დაღუპული მოქალაქე, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; 53 მიწასთან გასწორებული ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი. საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა.