შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კასპსა და გორში პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
კასპში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების ფასადების მოპირკეთება, სააკაძის მოედნისა და სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და ამჟამად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება გორს, პროექტის I ეტაპი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის II ეტაპი. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობების ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და დაირგო ნარგავები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ I ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.