ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 19 აპრილს სრულად გამოცხადდა ე.წ. ცხელების ზონად, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. კლინიკაში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო.
,,დღეის მდგომარეობით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, კლინიკა, რომელიც 19 აპრილიდან მთლიანად ე.წ. ცხელების ზონას წარმოადგენდა, სტანდარტულ სამედიცინო რეჟიმს და სერვისებს უბრუნდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თუ იქნება ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაცია, აქ მოქმედებს იზოლირებულად ბოქსირებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდზე საეჭვო პაციენტების მართვას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მედპერსონალს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევდათ მუშაობა და აბსოლუტურად თავდაუზოგავად და პროფესიონალურად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას", - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.
19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ ცხელების ზონის სტაციონარში 260 პაციენტი მიიღო. კლინიკის გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 335 ნიმუში, მათ შორის 75 - სამედიცინო პერსონალის, ასევე, გაკეთდა 64 სწრაფი ტესტი და არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა.